Friday, April 15, 2011

                       მოახლოვდააააააააა!  
16 ში, უკვე 17 ში 00 საათზე სანტიაგო ბერნაბეუ ყველაზე ლამაზ სპექტაკლს შემოგვთავაზებს. 
 # "ელ კლასიკოს" სერია: ერთი მეგობრობის ისტორია

"ელ კლასიკო!" "ელ კლასიკო!" "ელ კლასიკო!" - სკანდირებს მედია ორი კვირის განმავლობაში მატჩის დაწყებამდე. მატჩი-ლეგენდის. სპექტაკლის, რომლის მაყურებლებიც დიდხანს ინახავენ ბილეთებს ტრიბუნების დატოვების შემდეგ. ზღაპრის, რომელსაც ბავშვებს ძილის წინ უყვებიან; ზღაპრის, რომელიც დედის რძესთან ერთად ასაზრდოებს გულშემატკივარ სულს და აფერადებს პატარების გულს თეთრად ან ლურჯ-ბროწეულისფრად.

"ელ კლასიკო". ბრძოლა, რომელში გამარჯვებაც არ ნიშნავს ძალაუფლებას, მაგრამ აღელვებს სისხლს, ახდენს ძლიერების დემონსტრირებას და დიდების გვირგვინს ადგამს ახალ ტრიუმფატორს.

ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით სტადიონს და ატმოსფერო, რომელიც ირგვლივ სუფევს, მთელ სხეულს ეუფლება. გარშემო არ არის ხალხი, გარშემო მხოლოდ ძმები არიან; ძმები - გულის "ფერის" მიხედვით. შარფები, დროშები, უწყვეტი ღრიალი, როგორც მსუსხავი ქარი შტორმის წინ. სტადიონი, შესასვლელი, სანუკვარი ბილეთი და ზრდილობიანი მცველი კარიბჭესთან... რაზე ფიქრობთ ახლა? არაფერზე. თქვენს თავში არ ფუთფუთებს ფიქრები, მხოლოდ ლოდინის გრძნობა და დაუძლეველი ლტოლვა ტრიბუნებისა თუ მინდვრისაკენ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. დღეს ჩვენ ისტორიის ნაწილი ვხდებით!

აი ისიც - თქვენი ადგილი. გულმოდგინედ ათვალიერებთ, ხელით ბერტყავთ მტვერს და გაზეთს დებთ ან შორიახლოს დგომას ამჯობინებთ. ეს უკვე აღარ არის პლასტიკატის დასაჯდომი, ეს იულიუს კეისარის ლოჟაა კოლიზეუმში, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება, გადაწყვიტოთ, ვინ მოკვდება. სულ უფრო ცოტა დრო რჩება და გრძნობთ, როგორ ჩქარდება გული...

გუნდები მოედანზე გამოდიან... აფეთქება! ირგვლივ დაუჯერებელი ხმაურია. აფეთქდა არა მხოლოდ ტრიბუნები, არამედ თქვენი გულიც. მსოფლიოში ყველაზე მელანქოლიური ადამიანიც რომ იყოთ, შეუძლებელია, იდგეთ, იჯდეთ, გაუძლოთ და თავი აარიდოთ ყოვლისმომცველ ალს. სხვადასხვა ფერის ტრიბუნები, იდეალურად თანაბარი, მწვანე გაზონი, რომელიც სცენად იქცა; სცენად, რომელზეც ისტორია დაიწერება. 22 მოთამაშე, 4 მსაჯი, 2 მთავარი მწვრთნელი, სათადარიგოთა სკამები, ყველაფერი მზადაა და შეიძლება დავიწყოთ.

სასტვენი. და მაშინვე შეტევა. თქვენ გაიყინეთ, მაგრამ სწრაფად იშორებთ სიცივის შეგრძნებას. თამაშში ჩართული, ცდილობთ, არ გამოგრჩეთ არცერთი წამი განსაზღვრული 5 400 - დან, დამატებით დროსთან ერთად; გრძნობთ, როგორ ცხოვრობს ირგვლივ ყველაფერი ფეხბურთით.

ახალი შეტევა. დირიჟორის ერთი აქნევა და რონალდუ ფლანგზე მიქრის, თავიდან იცილებს მეტოქეს, გზავნის გადაცემას ცენტრში, რასაც ბენზემას დარტყმა მოჰყვება. თქვენ თავზე ხელებს იკიდებთ, ხურავთ გაღებულ პირს, იკავებთ მომზადებულ ყვირილს და უბრუნდებით საკუთარ ადგილს. გარშემო გამუდმებით ხმაურია, ისეთი გამაყრუებელი, თითქოს ახლოს თვითმფრინავი დაფრინავს, მაგრამ ნელ-ნელა ეს ხმაური მელოდიაში გადაიზრდება, გულშემატკივართა სიმღერაში... ეს სიმფონიას ჰგავს, შესრულებულს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრის მიერ, და ის გმუხტავთ დადებითი ემოციებით, განთებთ და გიზიდავთ. სტადიონი აჩქარებს მატჩის რიტმს.

ისევ შეტევა, არა, ეს ის არ არის, რასაც ველოდით! ჩვენს კარში! ჩავი, ინიესტა, ვილია, მესი - სახელები, რომელთა გაგონებაც ახლა არ გსურთ, მაგრამ, ამავდროულად, უდიდეს პატივს სცემთ მათ მფლობელებს. და აი, ის - კარის დარაჯი, იკერი, ღვთის შეწევნით ყოველთვის ახერხებს სიტუაციის განმუხტვას. აღმართული მარჯვენა ხელი, ყვირილი მთელი ხმით, დარტყმა... და ჩვენ ვაკვირდებით ბურთის ლამაზ ფრენას, თითქოს შენელებულ კადრად, სანამ ის მოთამაშის ბუცს შეეხება, მისი დაშვების მომლოდინეს. ბურთი ჩვენია, აუჩქერებელი შეტევა და თქვენ სწრაფად იხედებით ირგვლივ. ფიქრობთ, რომ ეს ახლა და თქვენს თავს არ ხდება? არა! თქვენ აქ ხართ. გარშემო ათასობით ადამიანია, რომლებიც თქვენთან ერთად სუნთქავენ ისტორიას, ერთმანეთის გვერდით, მხარდამხარ.

რა არის ეს? მეტოქე ტრიბუნიდან წამოსული ყვირილი სულ უფრო ხმამაღალი, სტაბილური და ადვილად გასარჩევი ხდება. "მათ ჩვენს წინააღმდეგ სპეციალური შეძახილები გამოიყენეს!", "მათ ჩვენს წინააღმდეგ?", "აბა, შენი აზრით, ვის წინააღმდეგ, ამიგო?" - ისმის სხვადასხვა ხმა და ყოველი ადამიანი, რომლის ძარღვებშიც "თეთრი" სისხლი ჩქეფს, ზრდადი გუგუნის ტალღას უერთდება. ეს გამანადგურებლის აფრენას ჰგავს, მაგრამ როგორც კი ტრიბუნები საჭირო ტემბრს მიაგნებენ, მიხვდებით, რომ აქედან ვერ გადახტებით და ერთადერთი გამოსავალი მის ნაწილად ქცევაა. თავისუფლების შეგრძნება შეუდარებელია. აი, რა აღავსებს ახლა მთელ სხეულს. "ეს დაუვიწარია," - იტყვით თქვენ, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ არა, არა ახლა... "გოოოოოოოოოოოლ!" "გოოოოოოოოოოოოლ!" ყვირით მილიწამიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ძვირფასი ჩასუნთქვისთვის დაგჭირდათ. ჯერჯერობით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანა, მაგრამ გარშემო ყველა ერთმანეთს ეხუტება, ყვირის ისე, როგორც არსად. ჰაერში აფრინდა ბაფთები, ყველაზე თავგამოდებულ გულშემატკივართა შარფები, თავის სამკაულები და სულერთია, სად დაეცემა თქვენი ქუდი?, რადგან ისიც ისტორიის ნაწილი გახდება; ისტორიის, რომლითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იამაყებთ!


http://realmadrid.ge/news/14843-bb-bbbbbbbb-bbbbb-bbbbb-bbbbbbb.html

No comments:

Post a Comment